logo
ENG



რიჟვაძის აზრით, საქართველოში ჩამოსული რუსების მიმართ კრიტიკა "სეზონის ჩაშლას" ემსახურება

05 აგვ 202214:00
3 წუთის საკითხავი
 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძე ფიქრობს, რომ საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების მიმართ კრიტიკა "სეზონის ჩაშლას" ემსახურება.

რიჟვაძის აზრით, ოპოზიცია ვერ ეგუება, რომ "ეკონომიკა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას დაუბრუნდა" და მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს.

"მსურს, მივუსამძიმრო ჩვენს მტრებს, ვინაიდან როგორც ეკონომიკა, ასევე ტურიზმი ძალიან სწრაფად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას და ის მიზანმიმართული კამპანია, რაც მიმდინარეობს, მიმართულია და მიზნად ისახავს მხოლოდ ერთადერთს - როგორმე მოახერხონ ჩვენი ხალხის და ქვეყნის მტრებმა სეზონის ჩაშლა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეს პროვოკაციები იქნეს თავიდან აცილებული და წლევანდელი ტურისტული სეზონი იქნება ყველაზე წარმატებული ალბათ ისტორიაში"- ამბობს რიჟვაძე.

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას რამდენიმე დღეა აქტიურად ითხოვს ოპოზიცია. თავდაპირველად ვიზების დაწესების იდეა პარტია ლელომ დააყენა. ამ მოთხოვნით პეტიციაც გავრცელდა, რომელსაც რამდენიმე საათში 10 000-ზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

მმართველ პარტიაში ამ კამპანიას "ქსენოფობიურს" და "სამარცხვინო" უწოდებენ.

3 აგვისტოს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2022 წელს რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა და იანვარ-ივნისში 247 ათასი ვიზიტორი შემოვიდა.


close დახურვა